1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელეტქროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 35 წლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ავარიასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალები. კერძოდ, საუბარია, პირველ ანგარიშზე აფეთქების შესახებ, რომელიც ჩერნობილის ატომოური ელექტროსადგურის დირექტორმა ვიქტორ ბრიუხანოვმა მოამზადა. ასევე ავარიის მომენტში სადგურის ოპერატორების საუბრებისა და ქალაქ პრიპიატის 44 ათასი მცხოვრების ევაკუაციაზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს "სხვა ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მალავდა". მაგალითად, მტკიცებულება იმისა, რომ 1986 წლის 26 აპრილამდეც ხდებოდა ავარიები. 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე მოხდა "რადიოაქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი გაჟონვა", მაგრამ "კაგებეს" ანგარიში მთავრდება ჩვეული ფრაზით: "მიღებულია ზომები პანიკისა და პროვოკაციული ჭორების თავიდან ასაცილებალდ", - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. 1984 წელს კი ავარია მოხდა მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზე.
ამის გარდა, 1983 წელს "მოსკოვის ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ატომურ სადგურს უსაფრთხოების საშუალებების არარსებობის გამო", ამასთან, "ავარიის შემთხვევაში რადიოაქტივობა შეფასებული იყო 60-ჯერ ძლიერად, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების აფეთქებისას", - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
უწყება ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1986 წლის 8 ივლისს გაიცა დირექტივა, რომელიც ასაიდუმლოებდა ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის დეტალებს, ასევე მიზეზებს, ნგრევის ხასიათს, აფეთქების შედეგად ჰაერში ამოფრქვეული ნივთიერების შემადგენლობას, რადიაციულ მდგომარეობას, სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებსა და დაავადების სტატისტიკას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს "კაგებეს" საიდუმლო ანგარიშზე წარმატებული სპეცოპრაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 1987 წლის ოქტომბერში ქალაქ პრიპიატის ნიადაგისა და წყლის ნიმუშები, რომლის საზღვარგარეთ გატანა ფრანგ ჟურნალისტს ჟან პიერს სურდა, შეიცვალა რადიოაქტიურად სუფთა ნიმუშებით.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან 35 წელი გავიდა.
1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ავარიამ რეაქტორის დადნობა, ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.
საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, მეხანძრეები და ის ადამიანები, ვისაც ატომურ ნარჩენებთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, გარდაიცვალნენ. რადიაციამ, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ათასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა, როგორ უკრაინის, ისე ბელარუსის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც.
ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით უკრაინაში დღეს მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის ზონას ეწვია და მსხვერპლებს პატივი მიაგო.
2016 წელს რადიაციის შესაკავებლად აფეთქებული სადგური სპეციალური ფოლადის "სარკოფაგით" დაფარეს. ეს 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალის გუმბათია, რომელმაც რადიაციის გაჟონვა უნდა შეაკავოს. მის ქვეშ 200 ტონაზე მეტი ურანია მოქცეული.