თეა წულუკიანმა ავსტრიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და მასთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ავსტრიელი ნოველისტისა და მშვიდობის დარგში ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას თბილისსა და რეგიონებში. მინისტრმა ელჩს „ბერტა ფონ ზუტნერის კულტურული მარშრუტის" შემუშავებაზე ფიქრი შესთავაზა და დასძინა, რომ წარმატების შემთხვევაში, სამინისტრო იმსჯელებდა ამ მარშრუტის სერტიფიცირების საკითხზე. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, მწერლის შემოქმედებისა და ღვაწლის ფართო საზოგადოებამდე მიტანას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებლის, ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააცნობს ინფორმაციას.
თეა წულუკიანმა ელჩს სამინისტროს ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ისაუბრა თეატრების დაფინანსების ახალი სისტემის შემუშავების აუცილებლობაზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობისა და მუზეუმში დაცული საგანძურის გადარჩენის მიზნით შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე, გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008 წელს დაწყებული პრობლემების გამოსწორების მიზნით უცხოელ ექსპერტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, სპორტული ფედერაციების მხრიდან მეტ გამჭვირვალობასა და ახალგაზრდობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელოვნების მუზეუმში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ავსტრიელი კოლეგების მიერ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება მენეჯმენტისა და სამუზეუმო სივრცეების მოწყობის კუთხით.
თავის მხრივ, ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ერთობლივი პროექტების განხორციელება უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს კულტურას პოპულარიზაციას გაუწევს ავსტრიაში, ხოლო ავსტრიულ კულტურას წარმოაჩენს საქართველოში. თომას მიულმანმა მინისტრი ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით ივნისში, თბილისში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.