დღეს, 22 აპრილს, ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის დაბადებიდან 93 წელი შესრულდა. ელგუჯა ამაშუკელი 1928 წლის 22 აპრილს თბილისში დაიბადა.
ელგუჯა ამაშუკელი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია.
ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ სკულპტურული შემკულობა, ვეფხი და მოყმე, ცოდნის ზარი, ფარნავაზი თბილისში, გიორგი ლეონიძის, ლადო გუდიაშვილისა და უშანგი ჩხეიძის საფლავები მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დავით აღმაშენებელი ქუთაისში, გამარჯვების მონუმენტი გორში, დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი მალთაყვაში, ცოტნე დადიანი და კოლხეთის დედა ფოთში, მემედ აბაშიძე და ილია ჭავჭავაძე ბათუმში - ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების არასრული ჩამონათვალია.
მონუმეტური ნამუშევრების გარდა, აღსანიშნავია თბილისის სხვადასხვა ნაწილში მისი რელიეფური კომპოზიციებიც, ასევე ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკისა და წიგნის მხატვრობის დარგში. ელგუჯა ამაშუკელი შემდეგი წიგნების ავტორია: „წერილები ხელოვნებაზე“, „მეექვსე გრძნობა“, „დრო შემოქმედი“.
ელგუჯა ამაშუკელი 2002 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.