ხვალ, 3 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მალაიზიაში დაკავებული ქართველების საკითხთან დაკავშირებით მალაიზიელ კოლეგასთან, ანიფახ ბინ ამანასთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მალიზიაში ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქართულ მხარეს შემოვლითი გზით უხდება მათთან ურთიერთობა. ხელის შემშლელი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოსა და მალაიზიას შორის ადგილობრივ დროებს შორის განსხვავება დიდია.
"ჩვენი წარმომადგენობა უკრაინაში პირდაპირ კავშირზეა მალაიზიის ელჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან უკვე შეუკვეთით სატელეფონო საუბარი მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაგრამ ადგილობრივ დროში განსხვავების გამო დღეს ეს საუბარი ვერ მოხერხდა და იმედი გავქს, დილისთვის შედგება", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ადგილობრივი კანონმდებლობით, დაკავებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა ელოდებათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს დაკავებულების ვინაობის დასადგენად.
მალაიზიაში ნარკოვაჭრობისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს.