ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა - ამ მოწოდებით დღეს ქალთა უფლებების დამცველები რუსთაველის თეატრთან აქციას გამართავენ.
შეკრება ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ 14:00 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდაჭერას უცხადებენ და რამდენიმე უწყებას კონკრეტული წინადადებებით მიმართავენ:
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.
ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.