ლეიბორისტული პარტია კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოღებულ ახალ წესს აპროტესტებს. საქმე ეხება ყველა კომუნალური გადასახადის ერთიანად დაფარვის შესახებ შემოღებულ წესს, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.
აღნიშნულ კონტექსტში შალვა ნათელაშვილის გუნდი საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და "ელექტროენერგიისა და ბუნებივი გაზის შესახებ" კანონში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების გაუქმებას მოითხოვს.
"საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რომელიც ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ახალი დრაკონული წესის გაუქმებას, რომლის შესაბამისადაც, მოსახლეობის წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახდელიდან ერთ-ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში დენის მიწოდებას შეუწყვეტენ, პარლამენტს უკვე წარედგინა,.
ასეთ პირობებში თბილისში მცხოვრები 400 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად გაღატაკებულია, ქვეყანა კი, სოციალური აჯანყების პირას დგას", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, თუ პარლამენტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, "საერთო ეროვნულ საგადასახადო დაუმორჩილებლობას" გამოაცხადებენ.
.