საქართველოს ახლად გამოშვებული ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია. ეს მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები, მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ქვეყნის მთავარი ბანკირის თქმით, 2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა.
„სწორედ ამ პირობებში, ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაპოპულარული ზომების გატარებას მოითხოვს. თუმცა, ზუსტად მსგავსი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები იძლევა გრძელვადიან სარგებელს.
ახლად განთავსებული ევრობონდების დაბალი საპროცენტო განაკვეთი სწორედ ამის დასტურია - საქართველოს ახლად გამოშვებული ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია. ეს მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომელთაც ვერც ეკონომიკური ანალიზის უნარს დავუწუნებთ და საკუთარი ფინანსური სახსრების განკარგვისას დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებაშიც ვერ დავადანაშაულებთ, მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ. ეს ადასტურებს მათ ხედვას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური რისკები არის საკმაოდ დაბალი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე შოკი გაიარა. სწორედ ეს არის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სისწორის ერთ-ერთი საუკეთესო საზომი.
ცხადია, ამ შედეგში წვლილი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებამ შეიტანა, რაც საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, როგორც პანდემიამდე, ისევე მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე და საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მიაღწია. ეროვნული ბანკის მხარეს რომ ვისაუბრო, როგორც სარეიტინგო სააგენტოები, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ ფინანსური სექტორის მდგრადობის ამაღლებისთვის გატარებული ისეთი რეფორმების როლს, როგორიცაა კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების შექმნა, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, სისტემურობის ბუფერის დაწესება, რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია, გაუმართავი და მოწყვლადი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირების დაწყება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება და, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება. ამ რეფორმების გატარების აუცილებლობა და სარგებელი პანდემიამ დღეს უკვე ნათლად წარმოაჩინა“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.
სებ-ის პრეზიტენთიქ თქმითვე, ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და ნდობა აისახა, ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაში, რომელმაც 4-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაფიქსირდა.
„ემისიას წინ უძღოდა ინტენსიური შეხვედრები ინვესტორებთან მთელი მსოფლიოდან. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო არის იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უმკლავდება მცირე ზომის ღია ეკონომიკა პანდემიის უპრეცედენტო შოკს. საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის მაკროეკონომიკური კურსი, რომელიც, ფისკალურ დისციპლინასთან ერთად, მცურავ გაცვლით კურსს, დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკს/მონეტარულ პოლიტიკას და ინფლაციის თარგეთირებას და დედოლარიზაციას გულისხმობს. ინვესტორების უმეტესობა არიან სტრატეგიული ინვესტორები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ და ევრობონდის წარმატებული განთავსება მათთვის კიდევ ერთი სიგნალია, რომ თავიანთი საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გააფართოონ.
დიახ, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ეკონომიკა, ძალიან დააზიანა. გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, დაზარალდა ბიზნესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე ეკონომიკურმა გუნდის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ მატერიალური ფინანსური დახმარება უსწრაფესად მიიღო. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით და სწრაფი ვაქცინაციით კრიზისი დაძლევა შესაძლებელი იქნება“, განაცხადა კობა გვენეტაძემ
GALT & TAGGART-ის ინფორმაციით, 15 აპრილს საქართველომ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი აშშ დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი განისაზღვრა 2.750%–ით. აღსანიშნავია, რომ ევროობლიგაციის მიმართ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და მოთხოვნამ $2.0 მლრდ-ს გადააჭარბა. სავაჭრო დღის შემდეგ ევროობლიგაციის შემოსავლიანობამ 2.875% შეადგინა, რაც აშშ-ს შესადარ სახაზინო ობლიგაციასთან დაახლ. 207სპ-ის სპრედს (სხვაობას) წარმოადგენს.
საქართველომ 2011 წლის შემდეგ პირველად მოახდინა საერთაშორისო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვა (2011 წელს საქართველომ გამოუშვა $500 მლნ-ის 10წლიანი ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 6.875% იყო. აღნიშნული ობლიგაციის ვადა 2021 წლის 12 აპრილს ამოიწურა).
ტრანზაქცია ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ:
ევროობლიგაციას საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი კუპონი და შემოსავლიანობის მაჩვენებელი აქვს; არსებული კუპონი და შემოსავლიანობა ყველაზე დაბალი მაჩვენებლია რეგიონის ქვეყნებს შორის (ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, სომხეთმა განათავსა 10 წლიანი, $750 მლნის ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 3.6% იყო ხოლო, შემოსავლიანობამ კი 3.875% შეადგინა).
აღსანიშნავია, რომ 14 აპრილის მდგომარეობით შესადარი ევროობლიგაციების - სომხეთი 25 (B +/ Ba3) და უზბეკეთი 24 (BB-/B1/BB-) - შემოსავლიანობა 2.5%-4.05% დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო ინტერპოლაციით მიღებული შემოსავლიანობა 5-წლიან ევროობლიგაციებზე სომხეთისა და უზბეკეთის შემთხვევაში შესაბამისად 4.26% და 3.15%-ია, რაც საქართველოს ახალი ევროობლიგაციის მნიშვნელოვან წარმატებაზე მიუთითებს.
საქართველოს ევროობლიგაციის გამოშვების პროცესში მონაწილეობდა სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში ასევე ჩართული იყო 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.