თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ წევრს, ლუკა ძაძამიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
საკითხზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტა დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.
თავად ლუკა ძაძამიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამასთან, მისი თქმით, „გუნდის ერთგული რჩება“.
"მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო", - განუცხადა ძაძამიამ "ტვ პირველს".
მისი თქმით, პარლამენტთან საპროტესტო აქციებში ის 2023 წლის დასაწყისში მონაწილეობდა.
"როდესაც, საპროტესტო მსვლელობების შედეგად გამოაშკარავდა აბსოლუტურად ყველა ანტისამშობლური და რადიკალური მიზნები, საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რაოდენ დიდი შეცდომა იყო რაიმე სახის სენტიმენტების და თანადგომის გამოცხადებაც. არ ვუარყოფ (აქციაზე დგომას) თქვენს ტელევიზიას ვადანაშაულებ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში, რასთან დაკავშირებითაც გავაკეთე კონკრეტული განმარტება, რატომ აინტერესებდა თქვენს ტელევიზიებს ამ დეზინფორმაციის გავრცელება.
მეტსაც ვიტყვი, აღნიშნული კადრი 2024 წელი არ არის საერთოდ, ეგ არის 2022 წლის ბოლოს და 23 -ის დასაწყისში", - თქვა ძაძამიამ.
შეგახსენებთ, 21 წლის ლუკა ძაძამია საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შევიდა.