დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარება, (ჯამში დაახლოებით 687 აშშ დოლარი) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დღეს, შოკებისა და სირთულეებით სავსე პერიოდში, წერს სოციალურ ქსელში სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი განმარტებით, ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წვლილი დიდია პროგრამის წარმატებით წარმართვის პროცესში.
"პანდემიის დაწყებისთანავე, დროის უმცირეს მონაკვეთში, მივიღეთ ძალიან დიდი დახმარება არამარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით. მართებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კვალვ ჩვენს გვერდით იქნებიან. ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ - თუკი გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკამ ამოისუნთქოს, დაუღალავი შრომა ახალი პროგრამისათვის დღეიდან უნდა დავიწყოთ", აცხადებს გვენეტაძე.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა.
სსფ-ის განმარტებით, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მერყეობის გადმოცემას, ლარი განმეორებადი ზეწოლის ქვეშ მოექცა. საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს.
ფინანსურმა სექტორმა მომგებიანობა 2020 წელსაც შეინარჩუნა და საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდ საზედამხედველო პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს, ერთი მხრივ, აღდგენის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, პროაქტიულად გაუმკლავდეს უმოქმედო სესხების ზრდას. ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.