საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები "ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს".
პრეზიდენტის შესაბამისი პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ქვეყნის პირველი პირის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"პრეზიდენტი მიესალმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას, რომელიც უახლოს მომავალში, საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება. ის, თავის მხრივ, ადასტურებს მხარდაჭერას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშე უნდა დაიწყოს", - განმარტა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის დაწყება დემოკრატიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით მიმართა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობამ დადებითად უპასუხა.