"ობამას ადმინისტრაცია ყოველმხრივ აქებს რუსეთის წარმატებებს მოსკოვთან მოლაპარაკებებში, ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე. თეთრი სახლი არ პირებს რუსეთს ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმაროს. ეს დაბრკოლება საქართველოა", - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy.
როგორც Foreign Policy-ის მიმომხილველი ჯონ როგინი წერს, შესაძლოა, ქართველები იმას ელოდნენ, რომ ობამას ადმინისტრაცია მათ ისეთი მიმზიდველი წინადადებით მიმართავდა, რომ ისინი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას დასთანხმებოდნენ.
"რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღება შეიძლება ნებისმიერმა მისმა წევრმა დაბლოკოს და საქართველო ამ თვალსაზრისით მთავარი კანდიდატია. შესაძლოა, რუსეთი იმას ელოდა, რომ ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა მისი პრეტენზიების გაუქმებისთვის. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თჰე ჩაბლე-ს განუცხადა, რომ მხარეებს ასეთი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ვაშინგტონი ამ საკითხებში ჩარევას არ გეგმავს", - აღნიშნავს როგინი.
მისი განმარტებით, ობამას ადმინისტრაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ საეჭვოა რუსეთი ვმო-ს წევრი გახდეს, თუკი ის ვერ შესძლებს საქართველოსთან საბაზისო სასაზღვრო და საბაჟო პრობლემების გადაწყვეტას.
"ეს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე უნდა მოხდეს და რადგან ვმო - ში გაწევრიანება რუსეთს სურს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მან მოლაპარაკებების დასაწყებად გზა თავად უნდა მონახოს", - ჯონ როგინს სტატიაში მოყავს ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელის ციტატა.
Foreign Policy აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ რუსეთი საქართველოს მიმართ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
"ამავდროულად კაპიტოლიუმის ბორცვზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვმო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის მხარდაჭერა კონგრესში იმდენად გარანტირებულიც არ არის, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. კონგრესმა უნდა გააუქმოს 35 წლის განმავლობაში მოქმედი ჯექსონ-ვენიკის კანონი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა ემიგრანტების მხარდაჭერით მიიღეს. დღევანდელი სახით კანონი აშშ-ს ხელს იმაში უშლის, რომ რუსეთს მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსი მიანიჭოს", - განმარტავს როგინი.