ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კრისტიან დანიელსონის თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები.
"საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და ასე რომ საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის. სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა ასეთი მზაობა, რომ მიღწეული ყოფილიყო კომპრომისი", - განაცხადა დანიელსონმა.