დღეს, 2 ნოემბერს, ლევან თუთბერიძის ფილმის - "უშენოდ მგონი მოვკვდები" - პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ფილმთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
ფილმი დიდ ეკრანზე ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის გამო 2-წლიანი დაგვიანების შემდეგ ხვდება.
პროექტი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია.
2008 წელს კინოფილმის პოსტპროდუქციისთვის სახელმწიფო სუბსიდია - 115 000 ლარი გამოიყო. ფილმის ბიუჯეტია - 1 მილიონი ლარი.
მწარმოებელი კინოსტუდიებია: "ნაზარი", "ქართული ფილმი", "სანგუკო", "კალატოზოვის ფონდი" (რუსეთი) და შპს საფინანსო-საკრედიტო ბიურო.
კრიმინალური დრამა ლევან თუთბერიძემ აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაიღო.
ფილმში მონაწილეობენ გიორგი ზანგური, ირაკლი სანაია, შორენა ბეგაშვილი, ია სუხიტაშვილი, მიშა გომიაშვილი, ლევან ხურცია და სხვა მსახიობები. კომპოზიტორია ნუკრი აბაშიძე.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟია 102 წუთი.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 4 ნოემბრიდან გამოვა.
ფილმის "უშენოდ მგონი მოვკვდები" პრემიერა კინოთეატრ "ამირანში" 22:00 საათზე გაიმართება. შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია კი დღის 12:00 საათზე დაიწყება.