დღეს, 29 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება კომისიის სხდომა, სადაც 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტოს ერთობლივ დასკვნას წარადგენენ.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაკვნის შემდეგ ცნობილი გახდება ექთნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს.
ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, ერთ-ერთ კლინიკაში, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ (პირველადი მონაცემებით) ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
19 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.