საჩოგბურთო კლუბ "დინამოს" კორტების ტერიტორია ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ გაასხვისეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
მათი განმარტებით, ტერიტორია იყიდა კერძო კომპანიამ - "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა".
"ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მყიდველს, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, არანაირი ვალდებულების შესრულება არ მოთხოვეს. წელს "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა" ეს ნაკვეთი სახელმწიფოს მიჰყიდა. შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არა აქვს საჩოგბურთო კლუბ "დინამოს" წინაშე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუკავშირდება ჩოგბურთის ფედერაციას, რათა აღნიშნული კლუბის ტერიტორიიდან გასვლის პროცესი სინქრონულად და უმტკივნეულოდ მოხდეს, აღნიშნულ ტერიტორიის მომავალი ათვისების პროექტი კი თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით შემუშავდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვეტერანმა ჩოგბურთელება საჩოგბურთო კლუბ "დინამოს" ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კორტების შესაძლო გაუქმებასა და იქ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.