სომხეთი და საქართველო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებითა და გაღრმავებით დაინტერესებულნი არიან. ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა გააკეთა. იუწყება ერევნიდან სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, ტიგრან სარგსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ განვითარებული და აყვავებული საქართველოს მეზობლად ცხოვრობდეს.
"მინდა განვაცხადო, რომ მთლიანობაში ჩვენ კმაყოფილნი ვართ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ამჟამად არსებული დონით. რა თქმა უნდა კეთილ მეზობლებს შორისაც არსებობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი ემოციების გარეშე გადავწყვიტოთ", _ აღნიშნა პრემიერმა მედია-ფორუმზე სახელწოდებით "არარატის ძირში", რომელიც ერევანში დსთ-ს ქვეყნებისა და ბალტიის თარჯიმანთა და გამომცემელთა მეოთხე ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ მხარეთა შორის რჩება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია "საქართველოს სომხურ სათვისტომოსთან, საქართველოში სომხური ენის სწავლებასთან და ასევე სომხურ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან".