საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციასთან "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
"ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის. თუ ყველა ულტიმატუმი მოხსნილია, მაშინ ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები დაგვრჩა იმისთვის, რომ კონსულტაციები დავიწყოთ. ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, არსებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს. ყველა დარწმუნდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ: "ახალმა მემარჯვენეებმა"; "ეროვნულმა ფორუმმა"; "საქართველოს გზამ"; "კონსერვატიულმა პარტიამ"; "რესპუბლიკურმა პარტიამ"; "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ", და "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებმა" და "ხალხის პარტიამ" დღეს სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მზადყოფნას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.