საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრმა ლევან იზორიამ კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა.
კონსტიტუციური სარჩელის საგანია პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლის კონსტიტუციურობის დადგენა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის I პუნქტთან - „ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა" მიმართებაში, -ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის I პუნქტი უზრუნველყოფს პირის საკუთარი სურვილისამებრ ფიზიკური გადაადგილების უფლებას.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა.
პოლიციელი უფლებამოსილია გონივრული ეჭვის საფუძველზე შერჩეული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან იზორიამ განაცხადა, კანონში არ არის გამარტებული, რა კონკრეტული გარემოებების არსებობისას შეუძლია პოლიციელს შეაჩეროს პირი, გონივრული ეჭვის საფუძველზე.
უშუალოდ არც "გონივრული ეჭვის" და "ზედაპირული შემოწმების" განმარტება არ არის კანონში. გაურკვეველია ჩხრეკასა და ზედაპირულ შემოწმებას შორის ზუსტი ზღვარი. ასევე არ არის განმარტებული, რა კონკრეტული საპოლიციო მოქმედებები ხორციელდება პირის შეჩერების შემდეგ.
აქედან გამომიდინარე " თავისუფალი დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლი არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.