"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მზად არის შეუერთდეს 8 ოპოზიციური პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებას, საარჩევო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"როგორც იცით 8 პარტიის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს კონსულტაცები და პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოთქვა პოლიტიკური ნება ჩაერთოს ამ პროცესში. ამიტომ ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დეტალური მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადება გამოაქვეყნა, რომლშიც ნათქვამია, რომ "ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას".
განცხადებას ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები"; "ეროვნული ფორუმი";"საქართველოს გზა"; „კონსერვატიული პარტია"; „რესპუბლიკური პარტია"; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; „ხალხის პარტია".