ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, განაგრძონ ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი.
განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.
ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ ჯანმო-ს უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ აღნიშნული საკითხი.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოში, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნებს დასკვნას. ევროკავშირის მარეგულირებული უერთდება ჯანმო-ს მოწოდებას, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომელთაც ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერეს, მიუხედავად ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მოწოდებისა, რომ პრეპარატსა და ვაქცინირებულთა მცირე ნაწილს შორის თრომბის გამოვლენას არავითარი კავშირი არ აქვს.
მანამდე, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ვაქცინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შესახებ მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში დადასტურდა.
გასული კვირის მონაცემებით, ასტრაზეკენას ხელთ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში 17 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის დოზა, საიდანაც თრომბი 40-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღირიცხა.