ოფიციალური თბილისი თურქეთის მიერ საქართველოს საფრთხის შემცველ ერთ-ერთ ქვეყნად დასახელებას "ტექნიკური მიზეზებით" ხსნის.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობითაც შეიძლება იყოს განპირობებული.
"რა მონაცემებს ეყრდნობოდა თურქული მხარე, როცა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში საქართველოც მოიაზრა, ჩვენთვის უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ აღნიშნულს ტექნიკური მიზეზები განაპირობებდა, მათ შორის ისეთიც, როგორიცაა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა. როგორც წესი, არის შემთხვევები, როცა თურქეთის ტერიტორია საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასასვლელად ყოფილა გამოყენებული", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის უსაფრთხოების კონცეფცია ყველა სახელმწიფოს აქვს, მათ შორის საქართველოსაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში მოხვდა, თუმცა, მოგვიანებით მეზობელი ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭომ ის სიიდან ამოიღო.