ჩვენ გვინდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა და ამისათვის მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გადადგან სამართლიანი ნაბიჯები და ნუ გაწირავენ ქვეყანას ქაოსისა და კრიმინალური ანარქიისათვის, - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხები იქნება დღის წესრიგში, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მაქსიმალურად ელასტიკური იყოს.
"მე ახლა გერთვებით იმ პოლიტიკური პარტიის ოფისიდან, სადაც სულ რაღაც 10 დღის წინ 23 თებერვალს შემოიჭრა ხელისუფლება და უხეში ფიზიკური ძალით დაატყვევა პარტიის თავმჯდომარე, ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება - პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს გამოშვებული და ეს იქნება პირველი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
მეორე კი არის, როგორც მოგეხსენებათ, ვადამდელი არჩევნები. ამ ვითარებაში, როდესაც ეს საკითხები იქნება დღის წესრიგში, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვიყოთ ძალიან ელასტიურები და უპირველეს ყოვლისა, ველოდებით ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს ის ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს”, - თქვა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ისეთი ხისტი განცხადებები, როგორიც დღეს გვესმოდა, მაგალითად, პრემიერ ღარიბაშვილისგან, რომ გადაიხადოს გირაო და გამოვა, პროცესს ხელს ვერ შეუწყობს.
„არის ძალიან ცნობილი გამონათქვამი: "არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა". ჩვენ გვინდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და ოპოზიციას მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა და ამისათვის მივმართავთ ხელისუფლებას, რომ გადადგან სამართლიანი ნაბიჯები და ნუ გაწირავენ ქვეყანას ქაოსისა და კრიმინალური ანარქიისათვის", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.