8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში აღნიშნულია: მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს 8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, განვაცხადეთ, რომ შევიმუშავეთ წინადადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე და გამოვთქვით მზაობა დაგვეწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, როგორც წარმოდგენილ წინადადებებზე, ისე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენ განვაცხადეთ ისიც, რომ დაინტერესებულნი ვართ ამ პროცესში სხვა კვალიფიციური პარტიების მონაწილეობითა და მათთან პოზიციების შეჯერებით.პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით ბაქრაძის განცხადებით, ის მზად არის საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციები გამართოს პოლიტიკურ პარტიებთან. ამ პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს საპარლამენტო პარტიებმაც. ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას.
განცხადებას ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები"; "ეროვნული ფორუმი";"საქართველოს გზა"; „კონსერვატიული პარტია"; „რესპუბლიკური პარტია"; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; „ხალხის პარტია".