2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 30 იანვარს გაირკვევა. ფიბა-ევროპამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური პრეს-რელიზით ამცნო, რომ კენჭისყრას ევროპირველობის მასპინძელი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი 2011 წლის 30 იანვარს უმასპინძლებს.
უკვე გარკვეულია ფორმატი, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გავა. ანუ მთლიანობაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი მოიყრის თავს. შეიქმნება ორი 6-გუნდიანი ჯგუფი და 4-4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.
ევროპის ჩემპიონატს 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვის 4 ქალაქი - ვილნიუსი, კაუნასი, შაულიაი და პანევეჟისი უმასპინძლებს. ჯგუფში ჩვენი ნაკრების მომავალი 5 მეტოქის ვინაობას კი 30 იანვარს შევიტყობთ.