ახალ, 2010-11 წლების სეზონში სუპერლიგის მატჩებზე დასწრება უფასო იქნება. კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სპორტის სასახლეში, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეეძლება.
აქამდე სუპერლიგის მატჩებზე დასწრება არ იყო ძვირი.
ბილეთები 1 და 2 ლარი ღირდა, თუმც გადაწყდა, რომ ბილეთები საერთოდ არ დაიბეჭდება და გულშემატკივრებს თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ.
სუპერლიგის ეს სეზონი საკმაოდ დაძაბული იქნება. მე-20 ჩემპიონატში ლეგიონერთა ყველა დროის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. „სოხუმს" 3 ამერიკელი ჰყავს, „ენერჯი-ინვესტს" 2 კამერუნელი, შსს-ს 1 ამერიკელი, „სამედიცინოს" 1 კამერუნელი.
ლეგიონერთა მოდინების პროცესი არ განელებულა - შსს და თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია" უახლოეს მომავალში ამერიკელი ლეგიონერების ჩამოყვანას გეგმავენ, „ქუთაისს" კი ლიტველი ცენტრის შემატება გადაუწყვეტია.
პლუს ამას, არაერთი ისეთი ქართველი მოთამაშე დაბრუნდა სუპერლიგაში, რომელიც გასულ სეზონში საზღვარგარეთ თამაშობდა: დავით უგრეხელიძე (სლოვენია), ლაშა ფარღალავა (NჩAA, აშშ), მიხეილ ბერიშვილი (ესპანეთი), თეიმურაზ ბაბუნაშვილი (რუსეთი), ბექა ჩიკვილაძე (ესპანეთი), გიორგი შარაბიძე (ესპანეთი), გივი ბაქრაძე (ფინეთი) და ასე შემდეგ.