საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თბილისის საცურაო აუზ "ოლიმპიკში" გამართულ პირველ მატჩში, დიდი ბრიტანეთი 9:3 დაამარცხა.
ბრიტანელებს 4 გოლი ქართველთა ლეგიონერმა მარკო ელაჩამ გაუტანა, 3 გოლი კი ვეტერანმა რევაზ ჩომახიძემ შეაგდო.
ელაჩასა და ჩომახიძის გარდა, ბრიტანელებთან თითო გოლი მიხეილ ბაღათურიამ და ზურაბ რურუამ მიითვალეს, საუკეთესოდ მოთამაშე ზურაბ ჭუმბურიძის კარის დალაშქვრა კი მეტოქის მხრიდან მხოლოდ სკოტ კარპენტერმა (ორჯერ) და კრეგ ფიჯესმა შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2011 წლის 30 მარტს ისევ თბილისში საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს, 11 მაისსა და 2 ივლისს კი, ზურაბ დავითიანის გუნდი სტუმრად საბერძნეთთან და დიდ ბრიტანეთთან ითამაშებს.
სამგუნდიანი ქვეჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 2 ნაკრები გავა.