დღეს, 31 ოქტომბერს, "ქართული პარტიის" ლიდერები სამართალდამცავი ორგანოების მიერ პარტიის თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებენ.
საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტიის სათავო ოფისში 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა "ქართული პარტიის" ოფისის თანამშრომლები იმედა სისაური და ვასილ ჯავახიშვილი აფეთქების დაგეგმვის გამო, თბილისში დააკავეს.
შსს-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ხელყუმბარებით შეიარაღებულები მიემართებოდნენ არგოს ქუჩა #18-ში, სადაც მორიგი დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.
მანამდე, 13 აგვისტოს და 14 სექტემბერს არგოს ქუჩა 18-ში მდებარე გურამ ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა.
გამოძიების შედეგად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1969 წელს დაბადებული ვასილ ჯავახიშვილი და მისი თანამზრახველი, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული იმედა სისაური, რომელთაც "ერგედე-5" და " ეფ-1" ტიპის ხელყუმბარები აღმოაჩნდათ. იმედა სისაურის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატის და პისტოლეტის მჭიდები და სამბრძოლო მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი და მეორე და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით. ისინი აღიარებენ დანაშაულს.
შსს-მ გაავრცელა ვასილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენებაც, რომელშიც ის აცხადებს, რომ ჟორჟოლიანს ვალი ჰქონდა და დაშინების გზით, ვალის ამოღებას ცდილობდნენ.
ეჭვმიტანილების დაკავებამდე, "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის ოფისის თანამშრომლები, ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ. კუნცაძემ თანამშრომლების ადგილსამყოფელის დადგენა საპატრულო პოლიციასა და სახალხო დამცველს თხოვა.