"ეროვნული ფორუმი" "ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის, სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაპატიმრებას აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლისა და ზემოქმედების მოხდენის მცდელობას.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს გახშირებული დაპატიმრებები, განსაკუთრებით კი, "ეროვნული ფორუმის" წევრის, ზაზა ჩაკვეტაძისა და "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმის დაპატიმრება მიზნად ისახავს ერთი მხრივ, ქართული ოპოზიციის მხრიდან არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერების, მეორე მხრივ კი, საზოგადოების დაშინებისა და დატერორების მცდელობას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს საზოგადოება და უარი გვათქმევინოს პოლიტიკოსებს, ვიბრძოლოთ უკანონო და ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების წინააღმდეგ, უშედეგო იქნება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ გაამწვავებენ ვითარებას და ნუ დაიმძიმებენ საკუთარ ისედაც მძიმე მდგომარეობას, ვინაიდან ასეთი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უკურეაქციას გამოიწვევს.