შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული პარტიის" წევრები, ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური დააკავა. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულებს ბრალად, 2010 წლის 13 აგვისტოს და 14 სექტემბერს
თბილისში არგოს ქუჩა 18-ში მდებარე გურამ ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი აფეთქება ედებათ.
შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შედეგად ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1969 წ.დ. ვასილ ჯავახიშვილი და მისი თანამზრახველი, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი 1979 წ.დ. იმედა სისაური, რომლებიც „ერგედე-5" და „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარებით შეიარაღებულები მიემართებოდნენ მორიგი დანაშაულის ჩასადენად იმავე მისამართზე.
იმედა სისაურის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატის და პისტოლეტის მჭიდები და სამბრძოლო მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი და მეორე და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
შეგახსენებთ, დღეს პარტიის წევრების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია, „ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა გუნცაძემ გამართა.
როგორც კოკა გუნცაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვასილ ჯავახიშვილი და იმედა სისაური დღეს, გამთენიისას სახლიდან გავიდნენ ან გაიყვანეს, მათ ტელეფონები გამორთული აქვთ.
გუნცაძის თქმით, ჯავახიშვილისა და სისაურის ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ აქვთ მათ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.