პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილს დუმილს ურჩევს. ბუაძემ "დღის კურიერის" ეთერში თქვა, რომ თუ ვინმეს ჩამოსვლა სურს და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება.
"როგორც ჩანს, 8 წელი სჭირდება იმისთვის, რომ ეს მზაობა ნახოს საკუთარ თავში. სერიოზულად ვერ ვუპასუხებ ამ გამონათქვამებს და განცხადებებს. ერთადერთი, მინდა შევახსენო, რომ მას და ამ განწყობის მქონე ადამიანებს, რომ დუმილი არის ოქრო და ხშირად მიმართონ ხოლმე დუმილს”, - განაცხადა საბა ბუაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ახლაც მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში თუ ამის საჭიროება იქნება. მან ასევე ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა არ უნდოდა ოპოზიციური ერთიანობისთვის ხელი შეეშალა, ვინაიდან, მისივე თქმით, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა არ მოსწონს.