ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი საქართველოს 1-ელ ნოემბერს დატოვებს. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ პერ ეკლუნდთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის ისეთი მიმართულებების მიმდინარეობა განიხილეს, როგორიცაა მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე; გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში დროულად შესვლის მნიშვნელობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მოსამზადებელი პროცესი და ოფიციალური მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობა; "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და სხვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებაში პერ ეკლუნდის მიერ შეტანილ წვლილს, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.
პერ ეკლუნდმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და აღნიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესის დაჩქარების აუცილებლობა.