ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის პროექტში ჩართვას ითხოვს. რკინიგზის საკითხი ახალი არ არის და ის პერიოდულად იკვეთება 2011 წლის რუსულ-ქართული შეთანხმების ფარგლებში სავაჭრო დერეფნების შესახებ დისკუსიების დროს. ეს დერეფნები საშუალებას მისცემს სომხეთს გამოიყენოს როკის გვირაბი, ან აფხაზეთის რკინიგზა, როგორც ალტერნატიული გზა ზემო ლარსამდე.
რას ფიქრობენ ამაზე საქართველოში? რა ეკონომიკურ-პოლიტიკურ სარგებელსა თუ პრობლემებს მოუტანს ეს საქართველოს? - ამ კითხვებით report.ge- მ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრს მიმართა.
ცენტრის პრეზიდენტი, "ჰაბ ჯორჯიას" ექსპერტი, ლოგისტიკური საკითხების სპეციალისტი, პაატა ცაგარეიშვილი გვიხსნის, რომ ეს ინიციატივა ეკონომიკურად საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. ოთხი დაინტერესებული მხარიდან (სომხეთი, საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი), აფხაზეთს ყველაზე მეტად სჭირდება რკინიგზა.
”ყველაზე მეტად, აფხაზეთია დაინტერესებული ტრანზიტით, ამას მოსდევს რუსეთის ფედერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთნაკადების დივერსიფიკაციას ცენტრალური აზიიდან. შემდეგ სომხეთია, რომელსაც არ სურს თურქეთსა და აზერბაიჯანზე დამოკიდებულება. საქართველო ყველაზე ნაკლებად დაინტერესებული მხარეა, რადგან სომხეთის ტრანზიტი დასავლეთსა და რუსეთის პორტებში, აფხაზეთის რკინიგზის გარეშეც გაივლის საქართველოზე. მეორეც, აფხაზური სარკინიგზო მონაკვეთის შესაძლებლობები, თუნდაც, რეაბილიტაციის შემთხვევაში, იმდენად მცირეა, რომ ვერ გადააჭარბებს სომხეთის მიმართულებით მოძრაობას.
აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ერთადერთ შემთხვევაში: თუ რუსეთიდან შუა აზიაში საქართველოს ტერიტორიის გავლით საქონლის ნაკადი წელიწადში მინიმუმ 5-8 მილიონ ტონას გაუტოლდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ცენტრალური აზიის ტვირთებმა უკვე დაიმკვიდრეს ადგილი შემდეგ მარშრუტზე: რუსეთის გავლით , ვოლგა დონის არხით ან რუსეთის შავი ნავსადგურების გავლით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტვირთი წამოვიდეს აქეთ წამოვიდეს. არსებობს კიდევ ერთი პერსპექტივა,-ირანისა და ინდოეთის ტვირტების გადმობირება, რაც რუსეთის ინტერესშია. ესეც პოლიტიკური ამბავია. ანუ, პოლიტიკა გვერდზე რომ გადავდოთ, ეკონომიკურად საქართველოსთვის მომგებიანი არ არის აფხაზეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან.
ამით დამატებით სომხურ ტვირთს მოვიზიდავთ, რომელიც ისედაც დადის ამ მაგისტრალზე, შესაბამისად, ჩვენთვის ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანია. პირიქით, დიდი ალბათობით, დავაზიანებთ ჩვენს ნავსადგურებს, რადგანც დავკარგავთ, რუსეთიდან სომხეთში მოძრავ ტვირთებს ჩვენი ნავსადგურების გავლით," - განუცხადა report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის პროექტის განხორციელების პერსპექტივები დამოკიდებულია პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაზე და მაშინაც კი, თუ ამ საკითხზე შეთანხმება მოხდება, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, პერსპექტივები ბუნდოვანია. ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ენგურის ხიდის აფეთქებამ აჩიგვარის სადგურამდე აფხაზური მონაკვეთი მთლიანად დაშალა. ოჩამჩირის სადგურიდან სოხუმისკენ მიმავალ გზასაც სჭირდება შეკეთება და ელექტრიფიკაცია, წინასწარი შეფასებით, მხოლოდ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა მინიმუმ 250 მილიონი დოლარი ჯდება, მოძრავი შემადგენლობის, სადგურებისა და საწყობების აღდგენის გარეშე. ცაგარეიშვილი ეჭვობს, ვინმეს ამ თანხის გადახდა უღირდეს. ექსპერტის მტკიცებით, იმისათვის, რომ რკინიგზამ ყოველწლიურად შეინახოს საკუთარი თავი, მასზე, მინიმუმ, 3 მილიონი ტონა ტვირთი უნდა მოძრაობდეს, რაც აფხაზეთი-რუსეთის ხაზზე ნაკლებად წარმოსადგენია.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პოზიციას სრულად იზიარებენ პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბშიც. კლუბის პრეზიდენტი დათო გოჩავა ამბობს, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი პოლიტიკურადაა მოტივირებული და საქართველოსთვის არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ არის.
"სარკინიგზო ხაზი ოჩამჩირიდან ინგირის რკინიგზის სადგურამდე საერთოდ არ არსებობს, ხოლო ის რაც არის ოჩამჩირემდე, არასახარბიელო მდგომარეობაშია; ვინ უნდა აღადგინოს ეს ხაზი? აღდგენის შემდეგ რა ტვირთმა უნდა იმოძრაოს ამ ხაზზე და რა მოცულობით, რომ ხარჯები აანაზღაუროს? ეს ხაზი სსრკ-ს გეგმიანი ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირებდა, ანუ გარანტირებულ ტვირთნაკადს ემსახურებოდა. თავისუფალი ბაზარი ამ ხაზს რენტაბელურს ვერ გახდის, რადგან ტვირთნაკადი, ერთი მხრივ, არასაკმარისი იქნება, მეორე მხრივ, თვით ხაზს რთული რელიეფის და იმის გამოც, რომ ერთლიანდაგიანია, შეზღუდვა აქვს გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. შემდეგი საკითხია, - რკინიგზის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ტექნიკური პერსონალი,- რუსეთმა უნდა დაასაქმოს ხომ თავისი ხალხი? აბა, აფხაზებს რკინიგზის სპეციალისტი და პროფესიონალი საერთოდ არ ჰყავთ, ყოველ შემთხვევაში, ხაზის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი. ანუ, საქართველოს სარკინიგზო სისტემის აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი უბნის გახსნა მოცემულ მომენტში, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის მომგებიანი არ არის," - განუცხადა დავით გოჩავამ report.ge-ს.