სომხეთისა და თურქეთის ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდული პარტიების სტრუქტურების წარმომადგენელთა შეხვედრა ერევანში ნოემბერში გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი ერევნიდან იტყობინება.
"ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტის ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზატორმა, პარტია "ძლევამოსილი თურქეთის" თავმჯდომარის მოადგილემ ბაიბარს ორსეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების პრობლემური საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის საკითხები.
ორსეკმა აღნიშნა, რომ 2006 წლიდან მისი პარტია აწარმოებს აქტიურ საქმიანობას და მას თავისი წარმომადგენლობები თურქეთის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში გააჩნია. მისივე თქმით, მისი პარტია მუშაობს არა მხოლოდ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით, არამედ თურქეთ-ისრაელისა და თურქეთ-აშშ ურთიერთობების კუთხითაც.
ორსეკის ინფორმაციით, მოძრაობაში უკვე ჩართულია სომეხი და თურქი ახალგაზრდობის 1000 წარმომადგენელზე მეტი.
თავის მხრივ პარტია "ძლევამოსილი თურქეთის" თავმჯდომარემ თუნა ბეკლევიჩმა განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისათვის ნორმალიზებისათვის აუცილებელია დიალოგი და ამ მიმართულებით ძალისხმევა ორივე ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს.
"მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობები იყოს და საზღვრები გაიხსნას. ჩვენი დელეგირება თურქეთის მთავრობას არ მოუხდენია და არც სომხეთის მთავრობას დავუპატიჟებივართ. ეს ჩვენი ინიციატივაა და გვსურს, რომ ჩვენს შორის დახურული საზღვარი გაიხსნას", _ განაცხადა მან.