ვაქცინაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყება , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
მისი თქმით, გლობალურად ვაქცინების სერიოზული დეფიციტია.
„ამიტომ, ამ ეტაპზე, ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი – ეს არის „ფაიზერის“, რომელიც არის ლიმიტირებული და რომელზეც შეთანხმება და დასტურია, რომ აძლევენ საქართველოს დაახლოებით 29 250 დოზას; მეორე ძირითადი მიმართულებაა „ასტრაზენეკა“. მუშაობა მიმდინარეობს „კოვაქს“ პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. აქაც დასტურია, რომ მარტის შუა რიცხვებში სადღაც 180 000-დან 300 000 დოზამდე გადმოგვეცემა პირველ ეტაპზე. „კოვაქსის“ მეშვეობით ჩვენ გვაქვს შეკვეთილი წლის განმავლობაში მისაღები 1 400 000 დოზა, ახლა მიმდინარეობს ბიუროკრატიული მექანიზმების დაძლევა, რომლის დამთავრების შემდეგ ეს პირველი პარტია დაიძვრება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა.
მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება „ასტრაზენეკას“ ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. ეს სამი, რაც დაგისახელეთ, კონკრეტული გადაწყვეტილი მიღების გზებია, რომელსაც ქვეყანა დიდი ალბათობით მიიღებს. შესაძლებელია, იყოს ეს თებერვლის ბოლო დღეები, მარტის 10 რიცხვამდე. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც მარტის პირველ ორ კვირაში ვაქცინაციას ქვეყანა დაიწყებს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დათმობებთან დაკავშირებით. ასევე, სხვა მწარმოებლებთან, რომლებიც მაის-ივნისში უკვე გამოჩნდებიან ბაზარზე, ჯანმო-ს მიერ ავტორიზაციის პროცესი როცა დასრულდება. „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკაც“ ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულია. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მარეგულირებელი ადვილად მისცემს დასტურს ქვეყანაში გამოყენებაზე. პარალელურად, მომზადების რეჟიმი მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე აცხადებს, რომ გადამზადების პირველი სერია ჩატარდა 10 კლინიკაში, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს.
„ეს გახლავთ თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. პირველი ეტაპზე სადღაც 40-მდე ექიმის, ექთნის გადამზადება დასრულდა. ასევე მიმდინარეობს რეგისტრატურების გადამზადება, რადგან ყველა აცრა შედის იმუნიზაციის მოდულში, ელექტრონულ სისტემაში. ორშაბათიდან ფართოვდება გადამზადების პროცესი, რომელიც 350-მდე ამცრელ კაბინეტს და ამცრელ ადგილს მოიცავს ქვეყნის მასშტაბით, სადაც ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მოხდება. რაც შეეხება „ფაიზერს“, ეს მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჰოსპიტალურ ქსელში. გადამზადება მოიცავს ზოგადად იმუნიზაციის საკითხებს, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებს და ასევე გვერდით მოვლენებზე დაკვირვების საკითხებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.