ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის პირველი ხილული გამარჯვება, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე.
„ნათელია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ „გავრილოვების რეჟიმი“ იმდენად დალპა, რომ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი შემოქმედი უკვე ყაბულს არ არის, იყოს ამ რეჟიმის ნაწილი. როგორც ჩანს, რეჟიმი აპირებს, ძალიან შორის წავიდეს ამ ქვეყნის ღალატში. ამ დღეებში ჩვენ პუტინმა გავრილოვის პირით შემოგვითვალა, რომ ნიკა მელია პრევენციის მიზნით უნდა დაიჭირონ. ამ „კოლექტიურმა გავრილოვებმა“ ეს უსიტყვოდ შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი აქამდეც დიდი იყო, ვინაიდან ამ რეჟიმის გაყალბებული არჩევნებითაც კი 52%-მა ზურგი შეაქცია ივანიშვილის რეჟიმს - გადადი ოპოზიციაში, თუ ამის უნარი გაქვს - მაგრამ ივანიშვილი ცდილობს, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს და დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ვინაიდან ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი და ახლა აღარ გვყავს მთავრობა. ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის პირველი ხილული გამარჯვება“, - განაცხადა ბარამიძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.