გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
ეს [ნიკა მელია] გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ქართველ მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ 1 კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექნის არანაირ საბაბს ესკალაციის. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრზს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.