საქართველოს პარლამენტში მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნება.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან მილან როჩენისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, საუბარი შეეხო საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეკონომიკური სფეროს რეფორმები, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
"ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსულ ოკუპაციაზე, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერის გამო, ვინაიდან ზოგი მეგობრისგან განსხვავებით, რომელიც გემეგობრება და მერე მხარს არ გიჭერს, მონტენეგრომ რეალური მხარდაჭერა გამოხატა," - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს წარმომადგენლებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მონტენეგროს წარმომადგენლებთან აქვს კარგი ურთიერთობა და იმედოვნებს, რომ ამ ურთიერთობას პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფი უფრო გაამყარებს.