საქართველოსა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები იწყება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრ მილან როჩენისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველო და მონტენეგრო ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს იწყებს. ძალიან მჭიდრო, კონსტრუქციული ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკური კუთხით და ცხოვრება მოითხოვს, რომ ისეთივე ურთიერთობები გვქონდეს ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ მომავალ წელს ჩვენს საგარეო სამინისტროებს შორის შედგება პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, სადაც განვიხილავთ ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დღემდე არსებობს და შევაფასებთ სამომავლოდ რა ხელშეკრულების გაფორმება საჭირო კიდევ უფრო დაახლოებისთვის", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილება, თუ როგორ მოხდება შესაბამისი სამინისტროების და დეპარტამენტების ჩართვა აღნიშნულ საკითხებში.