ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები.
"ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ.
ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით.
აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.