"ეროვნული ფორუმის" ოფისში გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების ინტერპარტიული შეხვედრა, სადაც პროექტის - „ქართველი ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში" - მეორე ეტაპზე იმსჯელებენ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „ახალგაზრდული ფორუმი" გეგმავს, სხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, პერმანენტულად მოაწყოს დისკუსიები თემაზე: „ქართველი ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში".
"პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, უკეთ გაერკვნენ კონფლიქტის არსში და არსებულ ვითარებაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული კონფერენციები, შეხვედრები ექსპერტებთან, დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მისცემს მეტ საშუალებას, ჩამოიყალიბონ სწორი ხედვა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში", -ნათქვამია "ეროვნული ფორუმის" განცხადებაში.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: „ეროვნული ფორუმის", „საქართველოს გზის", საქართველოს კონსერვატიული პარტიის, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, „ქართული დასის", „თავისუფალი დემოკრატების", საქართველოს რესპუბლიკური პარტიის, „ახალი მემარჯვენეების", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", „ქართული პარტიის", სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციები, აგრეთვე, მოძრაობა „არა"-ს, „ახალგაზრდული ალტერნატივის", „ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის", „მრავალეროვანი საქართველო - ახალგაზრდული კავშირის", „ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის" წარმომადგენლები
ცნობისათვის, „ახალგაზრდულ ფორუმს" ამ თემაზე უკვე ჩატარებული აქვს სამი კონფერენცია. პირველი კონფერენციის თემა იყო „ახალგაზრდების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში", მეორე - „დევნილთა პრობლემები და მათი დაბრუნების სამშვიდობო ინიციატივები", ხოლო მესამე - „საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ჩართულობა ქართულ - აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში".
შეხვედრა დღეს, "ეროვნული ფორუმის" ოფისში (ლვოვის ქუჩა # 82 ) 14:00 საათზე, გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები