სს "საქართველოს სახალხო ბანკის" მთლიანი აქტივები 2009 წლის ოქტომბერში 17.7%-ით გაიზარდა. დღეს სს "საქართველოს სახალხო ბანკმა" 2009 წლის სექტემბერთან შედარებით მთლიანი აქტივების 17.7%-ით გაზრდის შესახებ განაცხადა. 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივები 328.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც, 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ოქტომბერი არის პირველი სრული თვე მას შემდეგ, რაც "ლიბერთი კაპიტალმა~ ბანკის სააქციო კაპიტალის 91.218% შეიძინა. სს "საქართველოს სახალხო ბანკის~ კლიენტების დეპოზიტები 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 34.7%-ით, 209.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშები 51.4 მილიონ ლარს (სექტემბერთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა), ხოლო ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები 42.1 მილიონ ლარს გაუტოლდა (სექტემბერთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა).
წმინდა სესხების მთლიან დეპოზიტებთან კოეფიციენტი ბანკის არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და 2009 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 30.4%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 2009 წლის ოქტომბერში ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემა განაახლა. მთლიანი ვალდებულებები 2009 წლის სექტემბერთან შედარებით 19.1%-ით გაიზარდა და 311.4 მილიონ ლარს მიაღწია.
"ჩვენ ბანკის რესტრუქტურიზაციის საწყის, ყველაზე მტკივნეულ ფაზაში ვართ, შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ ბანკმა ზრდა დაიწყო და საბალანსო უწყისი ასეთი ლიკვიდურია. ჩვენი გათვლებით, 2008 წლის ფინანსური შედეგების აუდიტი რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, 2010 წლის იანვრიდან, სისტემატურად შევძლებთ ბანკის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას~, _ აღნიშნა სს "სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ გურგენიძემ.