4 ოქტომბერს, კვირას, მოსკოვის ცენტრში რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ მიტინგსა და მსვლელობაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქცია 1993 წელს თეთრი სახლის დახვრეტის წლისთავს მიეძღვნა.
აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო და თავდაპირველად მონაწილეები „ანგლოსაქსებს“ აკრიტიკებდნენ, თუმცა მოგვიანებით შეკრებილებმა სკანდირება დაიწყეს - „ძირს მეფე!“.
ამის შემდეგ აქციაზე მასობრივი დაკავებები დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 60 დემონსტრანტი, ძირითადად ახალგაზრდები, პოლიციის სპეციალურ ავტობუსებში გადაიყვანეს.
ადგილზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ისმის, როგორ მოითხოვენ შეკრებილები ბავშვებს ხელი არ ახლონ . ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას ცდილობდა, სამართალდამცველებს მიმართავს: „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“.
კადრებში ასევე ისმის ლოზუნგები: „არა პოლიტიკურ რეპრესიებს!“, „ძირს როსკომნადზორი!“ და „ძირს თაღლითებისა და ქურდების პარტია!“.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები იჟევსკელი აქტივისტის, დმიტრი მოროზოვის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მოროზოვი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდა. დაგეგმილ აქციამდე ერთი დღით ადრე, 2 ოქტომბერს, ის დააკავეს და მის წინააღმდეგ ნარკოდანაშუალის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.