2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაოფიციალური ანექსია დაიწყო. პუტინის მთავარ მიზანს საქართველოს ამ რეგიონების სრულად კრემლის კონტროლქვეშ მოქცევა წარმოადგენს. მოსკოვს სურს ოკუპირებულ ცხინვალს დანარჩენ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს, ასე ქართველების შესახებ მოგონილი მითები უფრო დამაჯერებელი იქნება. სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, საკანონდმებლო სფეროების რუსეთისთვის დაქვემდებარებასთან ერთად, მოსკოვმა ცხინვალის ენერგეტიკაც სრულად შთანთქა.
აფხაზეთისგან განსხვავებით, რომელიც გარკვეულწილად ენგურჰესიდან მარაგდება, ოკუპირებული ცხინვალი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რომ მოსკოვმა რუსეთის და ცხინვალის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, 2006 წელს დაიწყო. ოკუპირებული რეგიონის მაშინდელი ე.წ. პრემიერი იური მოროზოვი ჩრდილოეთ ოსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შეხვდა და ძუარიკაუ-ცხინვალის მილსადენის გაყვანაც "გაზპრომმა" ენთუზიაზმით აიღო თავის თავზე.
გაზსადენი 2009 წლის 26 აგვისტოს ამუშავდა და ახლა ის დანარჩენი საქართველოს გვერდის ავლით რუსული გაზის ცხინვალამდე მიყვანას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, 2010 წელს "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულებით 2029 წლამდე ოკუპირებული ცხინვალის 200-მდე დასახლებულ პუნქტს სწორედ რუსული სახელმწიფო კომპანია მოამარაგებს. საინტერესოა, რომ თავიდან "გაზპრომის" შვილობილი კომპანია "გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის" 25%-იან წილს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ფლობდა, რაც გარკვეული "ავტონომიის“ შენარჩუნების შანსი იყო. თუმცა, 2018 წელს გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულებით, კრემლის ენერგომაგნატი "გაზპრომი" კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სრულად გახდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიასაც რუსული ენერგოკომპანია "ინტერ რაო" აწვდის. რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ელექტროხაზის მონაკვეთზე ავარიები ხშირია, რის გამოც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ხანდახან რამდენიმე დღითაც კი უწყდება. რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ოკუპირებული რეგიონის დენით დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან მომარაგება, მაგრამ რუსული ოკუპაცია ოს ხალხს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არასდროს მისცემს.
2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ნავთობროდუქტების იმპორტიც სრულად რუსეთიდან ხორციელდება. თავდაპირველად მარიონეტ რეჟიმს ამ მიმართულებითაც ჰქონდა „ავტონომიის“ შენარჩუნების მცდელობა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო კომპანია „იუგოსეტნეფტეპროდუქტს“ 2014 წლიდან რუსული კომპანია „როსნეფტის“ ბენზინი შეჰქონდა რეგიონში, თუმცა 2017 წელს მისი ხელმძღვანელი „თაღლითობის“ ბრალდებით დააკავეს. ზუსტად ამ წელს, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა გენადი ბეკოევმა განაცხადა, რომ რუსული კომპანია „როსნეფტი“ ცხინვალის ბაზარზე შუამავლების გარეშე უნდა დამკვიდრებულიყო. მარიონეტი რეჟიმის განცხადებები და „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ჩაძირვა უცნაურად დაემთხვა, არა? ამგვარად, კრემლმა ნავთობის ბიზნესიც სრულად რუსულ კომპანიას დაუქვემდებარა.
ასე ეტაპობრივად და კოორდინირებულად შეისრუტა რუსეთმა ცხინვალის მთელი ენერგოსისტემა. ახლა ოკუპირებული რეგიონის გაზით, ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი ოსი ხალხის ხარჯზე შოულობენ ფულს და თანაც ანგარიშვალდებულებიც არავის წინაშე არიან- როგორც უნდათ ისე იქცევიან. ამასობაში პუტინი ნებისმიერ დე ფაქტო ლიდერს რასაც უნდა იმას გააკეთებინებს, ერთი შეუსრულებელი ბრძანება და მთელი ცხინვალის შუქის, გაზისა და ბენზინის გარეშე დატოვება კრემლს ზუსტად ერთ წამში შეუძლია. ამ კონტექსტში კიდევ უფრო ნიშანდობლივი ხდება 2021 წლის 5 თებერვალს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობა ოკუპირებულ ცხინვალში და და ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრის გამართვა.
ნესტან შარაბიძე