შაბათს, მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონის ქუჩებში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნების მოთხოვნით.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას, რომელიც სამხედროებმა დაატყვევეს და ამ დრომდე შინა პატიმრობაში რჩება.
ეს პირველი მასობრივი და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა, რომელიც მიმართულია ხელისუფლების სათავეში გადატრიალების გზით მოსული სამხედროების წინააღმდეგ.
მანამდე ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა პროტესტს, მუშაობაზე უარი თქვეს სამედიცინო პერსონალმა და მასწავლებლებმა. ისინი გმობდნენ სამხედრო გადატრიალებას და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ქვეყნის ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობა ღამით პროტესტის ნიშნად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს ჯოხით ურტყამდა ხმაურის გამოსაწვევად.
ეტაპობრივად ლოკალური წინააღმდეგობრივი მოძრაობები ფართომასშტაბიან დემონსტრაციაში გადაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მზარდი სამოქალაქო პროტესტის შიშით, სამხედროებმა დაბლოკეს სოციალური ქსელები და ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს, მოქალაქეებმა მაინც შეძლეს პროტესტის დაორგანიზება.
საპროტესტო აქციებზე გაისმოდა შეძახილები - "სამხედრო დიქტატურა ძირს!", "დემოკრატია იმარჯვებს". აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პოსტერები აუნ სან სუ ჩის გამოსახულებით.
"ისინი [სამხედროები] პატივს არ სცემენ ხალხის ხმებს და ღალატობენ ქვეყანას. ჩვენი რევოლუცია დღეს იწყება", - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილენ სააგენტო AFP-ს.
1-ელ თებერვალს მიანმარში ხელისუფლება ხელში სამხედროება ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ასობით წარმომადგენელი.
სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა შექმნეს უზენაესი საბჭო, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის მართვის სადავეები. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.