მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების სათავეებთან მყოფმა სამხედროებმა ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელების Twitter-ისა და Instagram-ის დაბლოკვის განკარგულება გამოსცეს.
ამასთან, მათივე განკარგულებით მინიმუმამდე შემცირდა ინტერნეტტრეფიკი, რამაც შეზღუდა მოსახლეობის წვდომა ინტერნეტთან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელები დაიბლოკა მიანმარში, სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედროების მოსვლიდან მალევე, მისმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს Facebook-ზე წვდომა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ სოციალური ქსელის დაბლოკვა "სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" გადაწყვიტეს.
ქვეყნის ერთ-ერთმა უდიდესმა ინტერნეტ პროვაიდერმა, ნორვეგიულმა კომპანია Telenor-მა დაადასტურა, რომ მან მიიღო მითითებები სამხედროებისგან, რომ დახურულიყო ამ სოციალურ ქსელებზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით.
პროვაიდერმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადაჭარბებულია და არღვევს ადამიანის უფლებებს, რის შესახებაც სამხედროებსაც უთხრა. თავად სამხედროები კომენტარს არ აკეთებენ აღნიშნულთან დაკავშირებით.
Facebook- მა, რომელიც ასევე ფლობს Instagram-ს, მოუწოდა სამხედროებს "აღადგინონ კომუნიკაცია და ხალხს საშუალება მისცეს დაუკავშირდნენ ოჯახებსა და მეგობრებს და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია".
Twitter-ის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის დაბლოკვა "ძირს უთხრის საზოგადოებრივ დიალოგს და არღვევს ადამიანის უფლებებს".
სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობისთვის პოლიტიკური ვითარების განხილვის მთავარი ადგილი Facebook-ი გახდა. მიანმარში Facebook ითვლება ინფორმაციისა და სიახლეების მიღების მთავარ წყაროდ.
მოქალაქეები, რომლების მკაცრად ეწინააღმდეგებიან სამხედრო გადატრიალებას და დემოკრატიზაციის გზიდან გადახვევას, სოციალურ ქსელებში აორგანიზებდნენ საპროტესტო აქციებს და ერთმანეთს მოუწოდებდნენ ამ აქციებში მონაწილეობას.
მიანმარში დღითიდღე იზრდება საპროტესტო ტალღა სამხედრო გადატრიალების წინააღდეგ. ქვეყნის მასშტაბით ათეულობით საავადმყოფოს ექიმებმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა, ასევე უნივერსიტეტისა და სკოლების მასწავლებლებმა, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოთხოვნით, მუშაობა შეწყვიტეს.
1-ელ თებერვალს მიანმარში ხელისუფლება ხელში სამხედროება ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ასობით წარმომადგენელი.
სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა შექმნეს უზენაესი საბჭო, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის მართვის სადავეები. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.