საინტერესოა, როგორ ქმნიან საგამოძიებო კომისიას, როდესაც ოპოზიცია პარლამეტში არ შედის, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია, რომელიც გუშინ დაანონსეს, არის მესამე თუ მეხუთე წრეზე წასვლა, იგივე თემაზე და მით უმეტეს, როგორ ქმნიან საგამოძიებო კომისიას, როდესაც ოპოზიცია პარლამეტში არ შედის.
"ოპოზიცია პარლამენტში არ შევა შეთანხმების და მოლაპარაკების გარეშე. შესაბამისად, აზრი არ აქვს ამ კომისის შექმნას. კომისია შეიქმნება და „ქართული ოცნების“ წევრები თვითონ გამოიძიებენ მათ მიერ დაშვებულ დანაშაულებს და გადაცდომებს? ეს ხომ აბსურდია. ამიტომ, არასერიოზულად ვუყურებთ ამ წინადადებას. ვიდრე ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიების შექმნა უბრალოდ ეს არის მკვდრადშობილი ინიციატივა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის", - თქვა ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, რომ ითანამშრომლებენ „მოქალაქეები“, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები ამ ინიციატივას სერიოზულად არ განიხილავენ.
"კომისიას, რომელსაც შექმნიან და მხოლოდ "ქართული ოცნება" ჩაერთვება და ორი დეპუტატი, არანაირი ნდობა არ ექნება. უკვე მეორე თვეა, ყბადაღებული ველოდებით, ოპოზიციამ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ყველანაირი კონსტრუქციული შემოთავაზებისთვის, თუმცა "ქართული ოცნებისგან" ნაბიჯები არ იქნა გადმოდგმული. საერთოდ არანაირი ნაბიჯი არ იქნა გადმოდგმული და დღესაც ვერ ვხედავთ ამის მოლოდინს. ის განცხადებები და რიტორიკა, რასაც აგრძელებს იგივე ბატონი კობახიძე და ქალბატონი წულუკიანი, არ მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი აპირებენ მეხუთე რაუნდზე რაიმე სახის სერიოზული წინადადებით მოსვლას", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაანონსა, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.