"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა მიანმარის სამხედრო გადატრიალება ერთობლივი განცხადებით დაგმეს. ამის შესახებ ნათქვამია 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლონდონმა, როგორც [დიდი შვიდეულის] წლევანდელი სამიტის ორგანიზატორმა გაავრცელა.
განცხადებას ხელს აწერენ შეერთებულმა შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და იტალია. განცხადებას შეუერთდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
"ჩვენ მოვუწოდებთ სამხედროებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საგანგებო მდგომარეობა, აღადგინონ დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის უფლებამოსილება, გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული და პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მიანმარის სამხედროებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შეწყვიტონ და შესაძლებელი გახადონ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
"ჩვენ ვდგავართ მიანმარის ხალხის გვერდით, რომელთაც დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვა სურთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მიანმართი განვითარებული მოვლენებზე სამსჯელოდ გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბა, მაგრამ რეზოლუცია, რომელსაც სამხედრო გადატრიალება უნდა დაეგმო, ჩინეთმა დაბლოკა.
მიანმარში ხელისუფლება ხელში სამხედროება ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ასობით წარმომადგენელი.
სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა შექმნეს უზენაესი საბჭო, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის მართვის სადავეები. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ხელისუფლების სამხედროების მიტაცების კვალდაკვალ, მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონში იზრდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასშტაბები.
ქვეყნის მასშტაბით ათეულობით საავადმყოფოს ექიმებმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოთხოვნით, მუშაობა შეწყვიტეს.
დაძაბულობის პირველი კერა მიანმარში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღვივდა. არჩევნებში პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" გაიმარჯვა, ხოლო სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა "სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ" მხოლოდ რამდენიმე მანდატის მოპოვება შეძლო. სამხედროები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
მმართველმა პარტიამ პარლამენტის 476 მანდატიდან 396 მანდატი მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში ემართა და ჩამოეყალიბებინა მთავრობა კანცლერ აუნ სან სუჩის მეთაურობით. სამხედროების პარტიამ პარლამენტში მხოლოდ 33 მანდატი მიიღო.
ამ დრომდე უცნობია, აუნ სან სუ ჩისა და სხვა დაკავებული პირების ადგილსამყოფელი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.