ჩინეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მიანმარში სამხედრო გადატრიალების დაგმობის შესახებ.
გაეროს უშიშროების საბჭო სამშაბათს შეიკრიბა, რათა დაეგმო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება, თუმცა ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ჩინეთმა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა.
უშიშროების საბჭოს შეკრებამდე, მიანმარში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტენ შრანერმა მკაცრად დაგმო სამხედრო გადატრიალება.
სამხედრო გადატრიალება დაგმეს ერთობლივი განცხადებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა - შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ.
"ჩვენ მოვუწოდებთ სამხედროებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საგანგებო მდგომარეობა, აღადგინონ დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის უფლებამოსილება, გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული და პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მიანმარში ხელისუფლება ხელში სამხედროება ჩაიგდეს, მას შემდეგ, რაც დააკავეს ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ასობით წარმომადგენელი.
სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა შექმნეს უზენაესი საბჭო, რომელმაც თავის თავზე აიღო ქვეყნის მართვის სადავეები. სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ხელისუფლების სამხედროების მიტაცების კვალდაკვალ, მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონში იზრდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასშტაბები.
ქვეყნის მასშტაბით ათეულობით საავადმყოფოს ექიმებმა და სხვა სამედიცინო პერსონალმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლების მოთხოვნით, მუშაობა შეწყვიტეს.
დაძაბულობის პირველი კერა მიანმარში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღვივდა. არჩევნებში პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" გაიმარჯვა, ხოლო სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა "სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ" მხოლოდ რამდენიმე მანდატის მოპოვება შეძლო. სამხედროები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
მმართველმა პარტიამ პარლამენტის 476 მანდატიდან 396 მანდატი მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში ემართა და ჩამოეყალიბებინა მთავრობა კანცლერ აუნ სან სუჩის მეთაურობით. სამხედროების პარტიამ პარლამენტში მხოლოდ 33 მანდატი მიიღო.
ამ დრომდე უცნობია, აუნ სან სუ ჩისა და სხვა დაკავებული პირების ადგილსამყოფელი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.