ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ ნატოს მაღალჩინოსანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი ის არის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო თანამშრომლობის სურვილი საქართველოსთან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რასაც ავღანეთში აკეთებთ. მე მინდა მწუხარება და პატივისცემა გამოვთქვა იმ მამაცი ქართველი ჯარისკაცების მიმართ ვინც ავღანეთში სამშვიდობო მისიის დღეს დაიღუპა", - აღნიშნა ნატოს ადმირალმა.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში მუშაობას კვლავ გააგრძელებს, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას უწყობს ხელს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, შეხვედრაზე ადმირალმა თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს ადმირალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს დევი ჭანკოტაძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე ხოშტარიას, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ირაკლი ფორჩხიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
ვიზიტის მეორე დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კრწანისის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისს ეწვევა.