საპარლამენტო უმრავლესობიდან თამაზ დიასამიძე გარიცხეს. ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
აქამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობა თამაზ დიასამიძის გარიცხვას აპირებდ იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა,Pთუმცა აქამდე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობამ სწორედ დღევანდელ სხდომაზე მიიღო თამაზ დიასამიძის უმრავლესობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება. ამის არგუმენტად კი დიასამიძისა და ხელისუფლების ხედვების შეუთავსებლობას ასახელებს.
"ჩვენმა ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამაზ დიასამიძე აღარ იქნება ჩვენს რიგებში. ჩვენი გზები ბოლო პერიოდში გაიყო. ის არ უჭერდა მხარს ისეთ საკითხებს, რომელსაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად ვთლვლით. ამიტომ ადამიანებს, ვისაც აქვს განსხვავებული ხედვები ჩვენს რიგებში ვერ იქნებიან. ამასთან, თამაზ დიასმიძეს ბოლო პერიოდში თავადაც არ ჰქონდა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის და აქედან გამომდინარე, ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ იგი ჩვენს რიგებს დატოვებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მან ისიც აღნიშნა რომ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობას დიასამიძესთან უკვე ჰქონდათ საუბარი და იგი ფლობს ინფორმაციას მისი გარიცხვის შესახებ.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობამ თამაზ დიასამიძეს ფრაქციიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დააწერინა და ახლა მის გარიცხვას ოფიციალურად გააფორმებენ, როგორც დიასამიძის მიერ ფარქციის საკუთარი სურვილით დატოვებას.